სასამართლო დღეს იმსჯელებს, გაუფორმდება თუ არა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილს საპროცესო შეთანხმება
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. სასამართლო დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს, გაუფორმდება თუ არა ბრალდებულთა ნაწილს საპროცესო შეთანხმება.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, სალომე კალაიჯაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სხდომაზე ბრალდებული გ.ბ დაიკითხება. ადვოკატის თქმით, მოწმის დაკითხვის შემდეგ ბრალდების მხარე დააყენებს შუამდგომლობას არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე იმ ცხრა ბრალდებულთან მიმართებით, რომელთანაც საპროცესო შეთანხმებაზე მიდის მოლაპარაკება.
„ბრალდების მხარე პირველი რიგში დააყენებს შუამდგომლობას გ.ბ-ს მიმართ ექსპერტიზის დასკვნის დართვის თაობაზე. აღნიშნული წარმოადგენს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას და ხმის ნიმუშს. შემდგომ უკვე მოხდება გ.ბ-ს დაკითხვა. დაკითხვის შემდგომ კი პროკურორი წარადგენს დასკვნით სიტყვას. შემდგომ ასევე პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობებს არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე იმ ცხრა ბრალდებულთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება და სწორედ ამის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს, დაამტკიცოს თუ არა მოცემული საპროცესო შეთანხმებები. პროცესი ჩატარდება დისტანციურად“,- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი თვეა, მიმდინარეობს. მისი განმარტებით, ბრალდებულებს 17-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ, ხოლო საპროცესო შეთანხმების შემდეგ საკმაოდ მცირდება სასჯელის ზომა.
„ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ემუქრებათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. დაახლოებით ერთი თვის წინ ბრალდების მხარემ შემოგვთავაზა საპროცესო შეთანხმება. აქვე აღვნიშნავ, რომ მოცემულ საქმეზე პროკურატურა კატეგორიულად გამორიცხავდა თავის დროზე ნებისმიერი გარიგების დადებას, თუმცა ერთი თვის წინ დაიწყო უკვე აქტიური მოლაპარაკებები. მათ მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმების პირობები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმოჩნდა მისაღები და ხელსაყრელი, ვინაიდან თითქმის რაც ემუქრებოდა, იმასთან შედარებით საკმაოდ მცირეა სასჯელი. დაცვის მხარის ვერსიის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების გადაკვალიფიცირების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე პრიმა მუხლი ისედაც ითვალისწინებდა ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მათ მიერ შემოთავაზებული სასჯელი სწორედ ამ სანქციის ფარგლებშია. საპროცესო შეთანხმების ფორმალურ პირობას წარმოადგენს აღიარება. შესაბამისად, წინა პროცესზე ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მ.ც-მ მისცა ჩვენება. ამასთან ერთად, მან უარი განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს საწინააღმდეგოდ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნული პიროვნება წარმოადგენს ჩემი დასაცავი პირის შეყვარებულს და მის წინააღმდეგ არ მისცა მამხილებელი ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სავალდებულო პირობას“,- განაცხადა ადვოკატმა.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.