COVID-19-მა მსოფლიოში უკვე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსის ახალი ვარიანტები არავაქცინირებულ საზოგადოებებში ნამდვილ ქაოსს იწვევს. ამასობაში, გრძელდება დებატები იმის შესახებ, გაჟონა თუ არა კორონავირუსმა SARS-CoV-2-მა კვლევითი დაწესებულებიდან.
მეცნიერთა ჯგუფმა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ვირუსოლოგები და ნობელის პრემიის ლაურეატი შედიან, ამჟამად არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებათა კრიტიკული მიმოხილვა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა.
„ხელმისაწვდომ მონაცემთა ფრთხილმა და კრიტიკულმა სამეცნიერო ანალიზმა ვერ მოუძებნა მტკიცებულება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, SARS-CoV-2 ლაბორატორიული წარმოშობისაა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვირუსოლოგი ედუარდ ჰოლმსი, რომელიც ამ პანდემიამდე მუშაობდა ებოლასა და გრიპის ეპიდემიების გამომწვევ ვირუსებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიიდან გაჟონვას ბოლომდე არ გამორიცხავს, ჯგუფი აჯამებს მტკიცებულებებს SARS-CoV-2-ის ბუნებრივი წარმოშობის შესახებ და ასკვნის, რომ ადამიანის საქმიანობამ, მაგალითად, ხე-ტყის ჩეხვამ და ველური ბუნებით ვაჭრობამ „არაერთხელ დაგვაყენა ვირუსებთან შეჯახების კურსზე“.
მკვლევრები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ძალზედ წარმოუდგენელ ლაბორატორიულ წარმოშობაზე ფოკუსირებას ყურადღება გადააქვს უფრო გადაუდებელი სამეცნიერო ამოცანებისგან, მაგალითად, SARS-CoV-2-ის წყარო ცხოველის დადგენისგან, ანდაც შემდეგი პანდემიის სამზადისისგან, როგორც ეს ამ შემთხვევაშიც დაგვემართა.
„ეს კვლევა, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, გვთავაზობს ახალ მკაფიო და სანდო აღწერას იმ ვირუსოლოგიური მოვლენებისა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა პანდემიური ვირუსის გამოჩენისას“, — ამბობს ფრენსის კრიკის ინსტიტუტის ვირუსოლოგი ჯონათან სტოი. ის ამ მიმოხილვაში ჩართული არ ყოფილა.
SARS-CoV-2-ის ბუნებრივი წარმოშობის მხარდამჭერ მტკიცებულებას წარმოადგენს მისი ახლო მონათესავე ვირუსების აღმოჩენა ღამურებსა და პანგოლინებში, ასევე ადამიანთა ურთიერთქმედება ამ ცხოველებთან.
მიმოხილვა, რომელიც ჯერ ახლა გადის რეცენზირების პროცესს, ასევე გვთავაზობს ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიასთან შეუსაბამო სხვა მტკიცებულებას: SARS-CoV-2-ს არ შეუძლია ლაბორატორიის თაგვების ინფიცირება, ცხოველი მოდელი, რომელზეც ვირუსულ ინფექციებს სწავლობენ.
და თუ ვინმემ ეს ვირუსი ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნა, SARS-CoV-2-ის მიმდევრობებში ამ პროცესის გენეტიკური მარკერები აუცილებლად დარჩებოდა; ასეთი რამე კი ამ ვირუსში ვერ იპოვეს.
„ეს მიმოხილვა ვირუსის ბუნებრივი წარმოშობის ძლიერ მტკიცებულებებს გვთავაზობს, რაზეც ასევე მეტყველებს ამჟამად მიმდინარე ადაპტაციები ადამიანებში“, — ამბობს სტოი.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის ადრეული დადასტურებული შემთხვევები ქალაქ უხანის ამჟამად დახურულ ცხოველთა ბაზართან იყო დაკავშირებული, ბოლოს „ის უფრო გამაძლიერებელი მოვლენა აღმოჩნდა, ვიდრე ნამდვილი საწყისი. შესაბამისად, ვირუსის წარმოშობის ადგილი სხვაგან უნდა ვეძებოთ“, — წერდა თებერვალში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი დომინიკ დვაიერი, რომელიც უხანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგამოძიებო ჯგუფის წევრი იყო.
თუმცა, როგორც ახალი მიმოხილვა წარმოაჩენს, ჯერ კიდევ არ არსებობს ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება, რომელიც SARS-CoV-2-ს ან მის შესაძლო წინამორბედს დააკავშირებდა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან, სადაც მკვლევრები ღამურების კორონავირუსებს სწავლობენ.
„მთავარი წყარო უნდა ყოფილიყო ინფიცირებული თანამშრომელი, რომელიც ლაბორატორიაში დაინფიცირდა და ვირუსი შეიძლება სახლში წაიღო. თუმცა, ადრეულ შემთხვევებში ასეთი რამ დოკუმენტირებული არ არის“, — ამბობს სიდნეის კირბის ინსტიტუტის ვირუსოლოგი სტიუარტ ტურვილი.
რამდენად ყოვლისმომცველიც არ უნდა იყოს უახლესი მიმოხილვა, „ლაბორატორიიდან გაჟონვის“ სცენარის გადაჭრით გამორიცხვა შეუძლებელია, რაც ეჭვებისთვის ადგილს მაინც ტოვებს. დასკვნითი ხასიათის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიებაც არ ყოფილა.
„ერთეულ კვლევებს ყველა პასუხის მოცემა არ შეუძლია“, — განაცხადა ამა წლის მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეირუსმა, როდესაც ორგანიზაციამ პირველი დეტალური მოხსენება გამოაქვეყნა SARS-CoV-2-ის წარმოშობის შესახებ ჩატარებული გამოძიების შესახებ.
მთლიანობაში, ექსპერტები ამჟამად თანხმდებიან, რომ ყველაზე სავარაუდო სცენარის მიხედვით, ვირუსი ველურ ცხოველებში ცირკულირებდა, შემდეგ გადავიდა კონტაქტ ადამიანებზე, შემდეგ კი ბუნებრივად განვითარდა, რათა ახალ მასპინძელს მორგებოდა.
ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის იმუნოლოგი ნიკოლაი პეტროვსკი ამაში ნაკლებად დარწმუნებულია და ამბობს, რომ ახალი ანალიზები „მინიმალურად მყარ მტკიცებულებას“ და არამყარ დასკვნებს გვთავაზობს.
„ვირუსის ნამდვილი წარმოშობის ამბავი სრულიად ღიაა მოიცვს როგორც ბუნებრივი გადადებას ჯერ კიდევ გაურკვეველი ცხოველური ვექტორიდან, ისე ლაბორატორიულ ინციდენტს“, — ამბობს პეტროვსკი.
სხვა ექსპერტები ახალ მიმოხილვასა და მის შედეგებს უფრო მეტად უჭერენ მხარს. კემბრიჯის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგი ჯეიმს ვუდი აღნიშნავს:
„მხედველობაში მიიღეს ყველა ის გაურკვევლობა, რომელიც მუდმივად არსებობს ამგვარი რეტროსპექტიული კვლევების ირგვლივ, ასევე შენიშნავენ, რომ ლაბორატორიის ინციდენტი ბოლომდე გამორიცხული არ არის, მაგრამ ეს ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო ადამიანისა და ცხოველის კონტაქტის შედეგად წარმოშობასთან შედარებით“.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, SARS-CoV-2-ის ბუნებრივი წარმოშობის მხარდამჭერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა წარსულის ე. წ. ზოონოზური ვირუსები, რომლებიც ადამიანებში ცხოველებიდან გადმოვიდა.
„ყველა წინა კორონავირუსი ზოონოზური წარმოშობისაა, ისევე როგორც ადამიანის ვირუსთა დიდი უმეტესობა“, — წერენ მკვლევრები და იქვე მიუთითებენ, რომ კორონავირუსის წყარო ზუსტი ცხოველი შეიძლება ვერც ვერასოდეს ვიპოვოთ, რაც თავის მხრივ მუდამ დაასხამს წყალს ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიის წისქვილზე.
„მართლაც, ჯერ გამოვლენილი არ არის ადამიანის მრავალ პათოგენთა ცხოველი წყარო, თუნდაც ებოლას ვირუსის, C ჰეპატიტის ვირუსის, პოლიოვირუსისა და სხვა კორონავირუსების შემთხვევაში“, — წერენ მკვლევრები.
თუმცა, რამდენიმე რამ გაცილებით აშკარაა: კონსპირაციული თეორიები და ჭორები ზედმეტად საშიშია, მომაკვდინებელიც კი, და ამ პანდემიისგან უნდა ვისწავლოთ, როგორ დავიცვათ თავი შემდეგში.
მიმოხილვა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე Zenodo.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.