ყველაფერი, რაც COVID-19-ის დელტა შტამის შესახებ ვიცით — #1tvმეცნიერება
ყველაფერი, რაც COVID-19-ის დელტა შტამის შესახებ ვიცით — #1tvმეცნიერება

2020 წლის ბოლოს კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტების გამოჩენა დაიწყო. დელტა ვარიანტის, იგივე ინდური შტამის მსოფლიოში გავრცელებამ გააჩინა კითხვები მისი წარმოშობის, გადამდებობის, ცხელი წერტილებისა და ვაქცინებისადმი რეზისტენტულობის პოტენციალის შესახებ.

გენომის თანმიმდევრობის გაშიფვრით (სეკვენირება) შეიძლება დადგინდეს ინდივიდუალური გენებისა და ნუკლეოტიდების კონკრეტული თანმიმდევრობა; სწორედ ისინი წარმოქმნიან დნმ-ისა და რნმ-ის ხვეულებს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ ვირუსი წიგნია, რომლის ყველა გვერდიც ნაკუწებად არის დაჭრილი. სეკვენირების წყალობით, მართებული თანმიმდევრობით დავალაგებდით ყველა სიტყვასა და წინადადებას. ვარიანტები (შტამები) ერთმანეთისგან მუტაციებით განსხვავებიან.

შესაბამისად, წიგნის ორი ასლი „შტამი“ იქნებოდა, თუკი მათი ერთი ან მეტი ნაკუწი ერთმანეთისგან განსხვავდება.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის მიმდინარეობისას შტამები სულ ჩნდებოდა, მაგრამ ამას ვირუსულ ქცევაზე გავლენა არ ჰქონია. თუმცა, გამოჩნდა შემაშფოთებელი შტამებიც, რომლებშიც მუტაციებმა ვირუსის თვისებები (მომატებული გადამდებობა და დაავადების სიმწვავე, ვაქცინების ეფექტიანობის შემცირება, გამოვლენის გართულება) ისე შეცვალეს, რომ ჯანმრთელობაზე უფრო ცუდი გავლენა აქვთ.

მაგალითად, კანადაში B.1.1.7 (ალფა), B.1.351 (ბეტა) და P.1 (გამა) შტამების გამოჩენამ მესამე ტალღა გამოიწვია, რასაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და შეზღუდვების გამკაცრება მოჰყვა. 2021 წლის გაზაფხულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შტამების სახელდების ახალი სისტემა შემოიღო, რომელიც ბერძნულ ანბანს ეფუძნება.

დელტა შტამი, იგივე B.1.617.2, ერთ-ერთი შემაშფოთებელი ვარიანტია და წარმოადგენს B.1.617-ის სამი ცნობილი ქვეხაზიდან ერთ-ერთს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დელტა შტამი პირველად ინდოეთში, 2020 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.

დელტა შტამის ერთ-ერთი გადამწყვეტი თვისება ძლიერი გადამდებობაა; მისი ეს მაჩვენებელი ალფა შტამისას 40-60 პროცენტით აჭარბებს.

შოტლანდიიდან მიღებული ახალი მონაცემების მიხედვით, დელტა ვარიანტის ინფექციის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის რისკი გაორმაგდა (ალფასთან შედარებით), განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ხუთი ან მეტი თანმხლები დაავადება აქვთ. ჰოსპიტალიზაციის რისკის ზრდა ფიქსირდება ინგლისის მონაცემებშიც.

ეპიდემიოლოგიური ანალიზს, რაც ინფექციის გადანაწილებას და დაავადების სიმწვავეს აფასებს, ხშირად შეუძლია უზრუნველყოს ვირუსის მახასიათებელთა ცვლილების სწრაფი შეფასება.

გარკვეული ცნობების მოცემა ასევე შეუძლია მუტაციების შესწავლას სტრუქტურა-აქტივობის ურთიერთობის ანალიზით, რომელიც იკვლევს, რამდენად ახდენს ვირუსის ქიმიური სტრუქტურა გავლენას მის ბიოლოგიურ აქტივობაზე; თუმცა, ამ მეთოდს ხშირად ძალიან დიდი დრო მიაქვს.

სტრუქტურა-აქტივობის ურთიერთობის ადრეული ანალიზები ფოკუსირებული იყო დელტას ქცევაზე სამი მუტაციის კავშირთან.

ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, მიუთითებს, რომ ეს შტამი ადვილად გადამდები შეიძლება გახდა SARS-CoV-2-ის წვეტ ცილაში მომხდარი სამი მუტაციის გამო, რომლებმაც წვეტ ცილას ადამიანის უჯრედის რეცეპტორების (ACE2 რეცეპტორი) შებოჭვა გაუადვილეს.

თუ წიგნთან შედარებას დავუბრუნდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დელტა შტამ წიგნში სამი ნაკუწი ორიგინალისგან განსხვავდება. თითოეულმა ამ სამმა ნაკუწმა ვირუს შეიძლება ადამიანის უჯრედების დაინფიცირება გაუადვილოს.

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დელტა ვარიანტმა დიდი როლი ითამაშა 2021 წელს ინდოეთში COVID-19-ის შემთხვევათა აზვირთებაში. მას შემდეგ, ეს შტამი გლობალურად გავრცელდა. 14 ივნისის მონაცემებით, დელტა შტამი დაფიქსირებული იყო 74 ქვეყანაში; სწორედ მასზე მოდის ახალ შემთხვევათა 90 პროცენტი გაერთიანებულ სამეფოში და სულ მცირე 6 და მაქსიმუმ 10 პროცენტი აშშ-ის შემთხვევებში.

დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობის ადრეული ანალიზი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

შოტლანდიის მონაცემების მიხედვით, AstraZeneca-თი ან Pfizer-ით ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზება და ინფიცირება შეამცირა, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე ალფა ვარიანტის შემთხვევაში.

თუმცა, მტკიცებულებათა მიხედვით ირკვევა, რომ AstraZeneca-თი ან Pfizer-ით ორდოზიანი იმუნიზაციის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 92 და 96 პროცენტით შემცირდა. ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ, სიმპტომური დაავადებისგან დაცვა დელტა შტამის შემთხვევაში 17 პროცენტით არის შემცირებული, ვიდრე ალფა შტამისას. ორი დოზით აცრით შემდეგ, სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ ეფექტიანობა უმნიშვნელოდ არის შემცირებული.

დელტა ვარიანტის გავრცელებამ კიდევ უფრო წარმოაჩინა ორი დოზით აცრის საჭიროება, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ მწვავე დაავადებისგან და ჰოსპიტალიზების საჭიროებისგან ერთი დოზაც უზრუნველყოფს არსებით თავდაცვას.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.