სარფში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს - „ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა დაუშვებელია“
სარფში ცენტრალური ავტომაგისტრალი დღეს რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო. მოქალაქეების ჯგუფმა სარფის ეკლესიასთან სამორინეს მოქმედება დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
„არა კაზინოს“, – ამ შეძახილებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მოქმედი სამორინეს დაუყოვნებლივ დახურვას და მის ნაცვლად ახალგაზრდული სპორტული კომპლექსის გახსნას ითხოვენ.
„ჩვენ არ ვართ კაზინოების წინააღმდეგი, მაგრამ ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა დაუშვებელია, აქვეა საჯარო სკოლაც, 100 მეტრში კიდევ ერთი კაზინოა და იმის არსებობასაც ვაპროტესტებთ, კაზინოს გამო ბევრმა თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება, ეს დაუშვებელია, ბიზნესი არ უნდა კლავდეს“, – განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
სამორინეს წინააღმდეგ აქციები პერმანენტულად იმართება. მანამდე აქციაზე სასულიერო პირებიც გამოვიდნენ.
წინა აქციაზე მის მონაწილეებს ადგილობრივი მცხოვრებლების ის ნაწილი დაუპირისპირდა, ვინც სამორინეშია დასაქმებული.