ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ სამორინეს თანამშრომლები აქციას მართავენ
ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ სამორინეს თანამშრომლები აქციას მართავენ

ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტის“ სამორინეს 180-მდე თანამშრომელი სასტუმროს შენობაში აქციას მართავს. ისინი სამორინეს დახურვას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამორინეში რემონტი იწყებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის იხურება და ყველა თანამშრომელი წინასწარი გაფრთხილების გარეშე უმუშევარი რჩება. აქციის მონაწილეები დეკემბრის ხელფასს და კომპენსაციას ითხოვენ.

„უმუშევარი დარჩა 180 ადამიანი. დღეს ადრე გაგვიშვეს სამსახურიდან, გვითხრეს რემონტი იწყებაო. შემდეგ გავიგეთ, კაზინო დახურულა. აქ ვიქნებით, სანამ პასუხს არ გაგვცემენ, რა გველოდება. უფროსები პასუხს არ გვცემენ, ადგილზე არ იმყოფებიან“, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

რჩება თუ არა სამორინეს 180 თანამშრომელი უმუშევარი, ამის შესახებ ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. სამორინეს ხელმძღვანელობა წერილობითი განცხადების გავრცელებას გეგმავს.