„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებში მოწევის აკრძალვას ითხოვს
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებში მოწევის აკრძალვას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ პარლამენტს მიმართავს, თამბაქოს მოწევა სამორინეებშიც აიკრძალოს.

ორგანიზაციას იმედი აქვს, რომ პარლამენტი ალიანსის წინადადებაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი მესამედ შეიცვალა და საკმაოდ გაუმჯობესდა, თუმცა დარჩა კიდევ რამდენიმე საკითხი მოსაგვარებელი. ერთ-ერთია ის, რომ კაზინოებში მოწევა დაშვებულია. ჩვენ კანონპროექტის განხილვის პროცესშიც წინააღმდეგი ვიყავით ამ გამონაკლისის, რადგან აღნიშნული გამოიწვევდა მოთხოვნას, რომ მოწევა დაშვებულიყო სხვა მსგავს სათამაშო ბიზნესებშიც და ასეც მოხდა“, – განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ.

მისი თქმით, ორგანიზაციამ ოფიციალურად წარადგინა პარლამენტში წინადადება სამორინეებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით.

„მართალია, კაზინოების რაოდენობა ბევრი არ არის, მაგრამ იქ დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ მოვითხოვთ პარლამენტისგან, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ჩვენს წინადადებაზე რეაგირება და ეს „შავი ხვრელი“ ამოავსოს“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე. თამბაქოს მოწევა ნებადართულია რამდენიმე სახის შენობა-ნაგებობებში, მათ შორის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარსა და სამორინეში.