პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მონაცემებით, 2018 წელს პირდაპირი მარკეტინგი უწყებისთვის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა.
59 მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ინსპექტორმა პირდაპირი მარკეტინგის ათეულობით ფაქტი შეისწავლა, აქედან 23 შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა დადგინდა, 19 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა და გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 57 დავალება.
„მიუხედავად ინსპექტორის აპარატის არაერთი აქტივობისა, როგორც ცნობიერების ამაღლების, ასევე, ინსპექტირებისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვის კუთხით, პრაქტიკაში კვლავ პრობლემატურია შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობა ან არასათანადოდ მუშაობს. ზოგჯერ უარის თქმის მექანიზმის შეტყობინების ტექსტი ნათლად არ ასახავს მისი გამოყენების პროცედურას“, – აღნიშნულია თამარ ქალდანის უწყების წლიურ ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია – რამდენიმე ორგანიზაცია აპელირებდა იმაზე, რომ მათ მიერ გაგზავნილი შეტყობინება შინაარსით არ იყო სარეკლამო ხასიათის და წარმოადგენდა საინფორმაციო შეტყობინებას.
„მოქალაქეთა ინტერესების დაცვის, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებისა და კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, მიზანშეწონილია არსებული რეგულაციის გადასინჯვა, საჯარო წყაროებიდან მონაცემების გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების საფუძვლად მხოლოდ მოქალაქის ინფორმირებული თანხმობის განხილვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2019 წლის დასაწყისშივე წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, – აღნიშნულია წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.