საქველმოქმედო ორგანიზაციები, სსიპ-ები და აიპ-ები 2019 წლიდან დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადავლენ
საქველმოქმედო ორგანიზაციები, სსიპ-ები და აიპ-ები 2019 წლიდან დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადავლენ

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები 2019 წლიდან დაბეგვრის ე.წ ესტონურ მოდელზე გადავლენ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც საგადასახადო რეფორმის ფარგლებში ექვსი ახალი ინიციატივა წარადგინა.

„ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, სადაც ჩვენ ვგულისხმობთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, სსიპ-ებს და აიპ-ებს, 2019 წლიდან მათი დაბეგვრის სისტემა გადავა ე.წ ესტონურ მოდელზე, ანუ ისინი შეძლებენ, გათავისუფლდნენ მოგების გადასახადიდან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამის საშუალებით აღნიშნულ ორგანიზაციებს შიდა ინვესტიციების განსახორციელებლად მეტი თანხები ექნებათ, რაც მათი საქმიანობის  ხარისხზე უნდა აისახოს.

“ჩვენ მიერ დღეს წარდგენილი მესამე ინიციატივა კი, გარკვეულწილად, ტექნიკური ხასიათისაა, თუმცაღა, ბევრი ბიზნესისთვის ეს ადმინისტრირების გამარტივების მნიშვნელოვანი წყარო იქნება. 2017 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გახდა გადახდილი ავანსი, შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები ფაქტობრივად აღარ გამოიყენება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ასეთი პრაქტიკა გავაუქმოთ. გრძელვადიანი კონტრაქტების ადმინისტრირება ხშირად ბიზნესისთვის იყო გართულებული და ამას ჩავანაცვლებთ უფრო მარტივი პრაქტიკით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.