პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის 18 წლის ასაკიდან დაწყების რეკომენდაცია იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭომ უკვე გასცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებენ
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის 18 წლის ასაკიდან დაწყების რეკომენდაცია იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭომ უკვე გასცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში 18 წელს ზემოთ პირების ჩართვის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროში, საბჭოს სხდომაზე მიიღებენ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე უკვე არსებობს იმუნიზაციის ექსპერტთა რეკომენდაცია.

„ეს არის იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილება. ახლა ეს უნდა გავიდეს, ასე ვთქვათ, დიდ საბჭოზე სამინისტროში და იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, იმუნიზაციის პროცესის გაფართოებას თავისი ეტაპები აქვს.

„ყველაფერს აქვს თავისი ეტაპები. პირველი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა კარგა ხანს არ გვექნება​ისრაელივით საყოველთაო მოცვა ​იმუნიზაციის. ისრაელი ერთადერთი გამონაკლისია ჯერ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, დღეს პირველი ეტაპი იყო, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ასაკოვანი ადამიანები, რადგანაც მათთვის ყევლაზე მაღალი სასიკვდილო რისკია ეს ვირუსი. ახლა უკვე დგება ის პერიოდი, როდესაც უფრო ნაკლები ასაკის ადამიანებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ აიცრან. ზოგიერთმა ქვეყანამ შეაჩერა „ასტრაზენეკას“ გამოყენება 55 წელს ქვემოთ, თუმცა არის ქვეყნები, რომლებსაც არ შეუჩერებიათ: ავსტრია, ირლანდია, პორტუგალია. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხებს. ამიტომ, ახლა უნდა შეგვეთავაზებინა ვაქცინა უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფებისთვისაც“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე განცხადებით, ორჯერ ვაქცინირებული პირები გარკვეული ბენეფიტებით ისარგებლებენ.

„ისე, როგორც, მაგალითად, ისრაელში, სადაც მიაღწიეს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა აიცრა და ამიტომ რეგულაციები ძალიან შემსუბუქდა, ეს იქნება, როცა მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება , მაგრამ ინდივიდუალური ბენეფიტები ორჯერ აცრილებს. დღესაც მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ორჯერ აცრილი ადამიანი თავისუფლად შემოდის პისიარტესტის გარეშე. ასე იქნება ძალიან ბევრ ქვეყანაში მგზავრობა. ასევე, შეიძლება, რომ ორჯერ აცრილი ადამიანებისათვის სხვა ბენეფიტებიც იყოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი