ლევან ბეჟაშვილი - მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა საკმარისი არ არის, საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას
ლევან ბეჟაშვილი - მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა საკმარისი არ არის, საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას

პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლობიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა პოლიტპატიმარი გვარამია. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი იქნება საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

„პრეზიდენტმა იხელმძღვანელა კონსტიტუციით, სახელმწიფოსა და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ამ პროცესში ექნება საზოგადოების, პოლიტიკოსების მხარდაჭერა, თუ ის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს.

პრეზიდენტისგან მოვითხოვთ, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. პრეზიდენტმა გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა. პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ერთ-ერთი ბრალდების საფუძველი სწორედ კონსტიტუციური, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გახდა. ამიტომ ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, თუ პრეზიდენტი სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს სრულიად სხვა რეალობაში გაიღვიძა სახელმწიფომ და დარწმუნებული ვარ, სხვა ახალი გამარჯვებები, ახალი საეტაპო გადაწყვეტილება იქნება სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს, კითხვაზე საპასუხოდ ბეჟაშვილმა აღნიშნა:

„უნდა ვაცადოთ, გაეცნოს იმ კონტექსტს, რაც არსებობს ქვეყნის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ობიექტურად შეაფასოს ვითარება, რომელიც შექმნილია. დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამიას აქტივი და რესურსები გამოყენებული იქნება იმ მიმართულებით, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ბუნებრივია, სამოქალაქო-პოლიტიკურ ასპარეზზე იგი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და, ჩემი აზრით, მისი მონაწილეობა სასურველიც არის და სავალდებულოც“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.