საქართველოში პირველად საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება
საქართველოში პირველად საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

თბილისში დღეს საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ დაიწყო მუშაობა.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში პირველად, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (Association de la Sommellerie Internationale, A.S.I.) 49-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეა იმართება.

სამუშაო სესია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა გახსნა.

გენერალური ასამბლეის დღეებში, 18-22 ივნისს, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება: საფერავის ძირითადი მახასიათებლების დადგენის საერთაშორისო სესია, საუკეთესო ქვევრის ღვინოების თემატური დეგუსტაცია, მასტერ-კლასი ქართულ ღვინოზე, პროფესიული დეგუსტაცია „სრულიად საქართველოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში”, ასევე გაიმართება ნანა ჯორჯაძის ფილმის, „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ეროვნული პრემიერა.

2018 წლის გენერალური ასამბლეის ჩატარების უფლება საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ მოიპოვა.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს, ასამბლეის მაღალი რანგის სტუმრებს მაქსიმალურად კარგად გააცნოს ქართული ღვინო, ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები.

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია 1969 წელს საფრანგეთში დაარსდა დამსოფლიოს 62 ქვეყნის სომელიეთა ეროვნულ ასოციაციებს აერთიანებს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მათ რიცხვს 2014 წელს შეუერთდა.

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია ყოველწლიურად მართავს გენერალურ ასამბლეას, სადაც იკრიბებიან წევრი ქვეყნების სომელიეთა ასოციაციების პრეზიდენტები, ღვინის ჟურნალისტები, ბაიერები და ღვინის სფეროს სხვა გავლენიანი წარმომადგენლები.