საქართველოში მყოფი NASA-ს ასტრონავტი სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობს
2-8 დეკემბერს, საქართველოს NASA-ს ასტრონავტი და აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი მინესოტის შტატიდან, ჰაიდი ფაიფერი ეწვევა.
იგი ამერიკის საელჩოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის სტუმარია.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, ჰაიდი ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომელიც მას მამაკაცებით დომინირებულ სფეროებში მუშაობისას შეხვდა და წაახალისებს ახალგაზრდა ქალებს, რომ მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს.
როგორც საზღვაო ძალების მყვინთავი და ხუთი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი, ჰაიდი დაინტერესებულ მოსახლეობას გაუზიარებს თავისი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს. დააჯილდოებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარჩინებულ და მამაც ქალ კურსდამთავრებულებს. ასევე, გამართავს ლექციებს თევალში, ზუგდიდსა და ბათუმში.
ჰაიდი ფაიფერი აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი და NASA-ს გამოჩენილი ყოფილი ასტრონავტია. დაიბადა და გაიზარდა მინესოტაში. ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მანქანათმშენებლობაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მიიღო.
1985 წელს ჰაიდი საზღვაო ძალებს შეუერთდა და ძირითადად მუშაობდა ღრმა ზღვაში ყვინთვაზე, ზღვაში ქონების გადარჩენასა და წყალქვეშა შეკეთებაზე.
1996 წელიდან ჰაიდიმ NASA-ში დაიწყო მუშაობა. 2006 წელს კოსმოსური ხომალდით „ატლანტიდა“ (Atlantis), ხოლო 2008-ში „ენდევერით“ (Endeavor) გაფრინდა კოსმოსში, რათა ემუშავა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსა და სხვა პროექტებზე.
ჰაიდიმ კოსმოსში 27 დღე დაჰყო, 5-ჯერ ჰქონდა ღია კოსმოსში გასვლა, კოსმოსური ხომალდის გარეთ კი 33 საათზე მეტი აქვს გატარებული.
კოსმოსში სულ 500-ზე მეტი ადამიანია ნამყოფი, აქედან 50-ზე ნაკლები ქალი იყო. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ჰაიდი ფაიფერია.
საქართველოში ყოფნისას, NASA-ს ასტრონავტი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებში:
- 2 დეკემბერს, 17:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება უფასო ვორქშოპი 12-ე კლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერებითა და ინჟინერიით.
- 3 დეკემბერს, 14:00 საათზე, „ისთ ფოინთის“ „აიმაქს დარბაზში“ გაიმართება ჰაიდის ფილმის — „ლამაზი პლანეტა“ — ექსკლუზიური კინოჩვენება (ინგლისურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით, 45წთ). კინოჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი ჰაიდი ფაიფერთან, რომელიც დამსწრე საზოგადოებას თავის კოსმოსურ თავგადასავლებს გაუზიარებს.
- 3 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე, „ფაბრიკა“-ში, გაიმართება აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული „კოსმოსური ჰაკათონი“. ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული 15 გუნდი შეეცდება მისია წითელ პლანეტაზე აქციოს რეალურად. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ სხვადასხვა საჩუქრებსა და პრიზებს. ჰაკათონში ჰაიდი ფაიფერია ჟიურის წევრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
- 4 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე, საჯარო ლექცია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში. დასწრება თავისუფალია.
- 8 დეკემბერს, ბათუმში, 16:30 საათზე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულის დაჯილდოვება და პრეზენტაცია.