ნასას ასტრონავტი კრისტინა კუკი დედამიწაზე დაბრუნდა და კოსმოსური ფრენის რეკორდიც დაამყარა
ნასას ასტრონავტი კრისტინა კუკი დედამიწაზე დაბრუნდა და კოსმოსური ფრენის რეკორდიც დაამყარა

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გატარებული 11 თვის შემდეგ, ნასას ასტრონავტი კრისტინა კუკი დედამიწაზე დაბრუნდა და კოსმოსური ფრენის რეკორდიც დაამყარა ქალ ასტრონავტებს შორის.

კოსმოსში გატარებული 328 დღის შემდეგ, კუკი ყაზახეთის სტეპებში უსაფრთხოდ დაეშვა. მასთან ერთად დედამიწაზე ასევე დაბრუნდნენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ლუკა პარმიტანო და როსკოსმოსის კოსმონავტი ალექსანდრ სკვორცოვი.

რუსული სოიუზის დამშვები მოდულიდან კუკი გაღიმებული ამოვიდა და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერი იყო.

კრისტინა კუკი ამჟამად 41 წლისაა, დაიბადა მიჩიგანის შტატში, პროფესიით ინჟინერია. გასული წლის 28 დეკემბერს მან მოხსნა ქალი ასტრონავტის კოსმოსური ფრენის წინა რეკორდი, რაც 289 დღეს შეადგენდა და ნასას ვეტერან ასტრონავტ პეგი უიტსონს ეკუთვნოდა, რომელიც სადგურზე ბოლოს 2016-2017 წლებში იმყოფებოდა.

კუკი ისტორიაში შევა იმითაც, რომ გასული წლის ოქტომბერში კოლეგა ჯესიკა მეირთან ერთად შეასრულა ღია კოსმოსში მხოლოდ ქალების მიერ განხორციელებული პირველი გასვლა.

პირველი ქალი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა, საბჭოთა კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა იყო 1963 წელს. მისი ფრენა დღემდე ერთადერთია, რომელიც მხოლოდ ქალმა შეასრულა.