საქართველოში ავტომობილების დაზღვევა უფრო მზარდია, ვიდრე ჯანმრთელობის
საქართველოში ავტომობილების დაზღვევა უფრო მზარდია, ვიდრე ჯანმრთელობის

ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, 1099-ით გაიზარდა და 544 356 შეადგინა – ჯანმრთელობის დაზღვევის სწორედ ამდენი პოლისი გაიცა 2017 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 16,4% სარგებლობს კერძო დაზღვევით. აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს.

ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით – 2017 წელს ასეთი პოლისი 70042-მა პირმა შეიძინა, წინა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 51551 იყო. შესაბამისად, თითქმის 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა მხოლოდ 5.5%-ია.

რაც შეეხება მოზიდულ პრემიებს, შარშან ყველაზე მეტი პრემია სადაზღვევო ინდუსტრიაში სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით (200 მილიონამდე ლარი) მოიზიდეს, მეორე ადგილზეა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებები სარკინიგზო ტრანსპორტის გარდა (74 მილიონი), მესამეზე კი – ქონების დაზღვევა (72 მილიონი ლარი).

სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, რომელთა მოგებამ გასულ წელს 20,34 მილიონი ლარი შეადგინა.