რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელი შესაძლოა, 2023 წლამდე არ ამოქმედდეს
რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელი შესაძლოა, 2023 წლამდე არ ამოქმედდეს

რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელი შესაძლოა, 2023 წლამდე არ ამოქმედდეს.

შესაბამისი ცვლილებები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დონორების რეკომენდაციებისა და სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელზე გადასვლა ამ ეტაპზე ნაადრევია, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამ სისტემის მოქმედება სამი წლით, 2023 წლამდე შეჩერდეს.

მთავრობის ინფორმაციით, საერთაშირისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, საქართველოში არსებული საბანკო სტრუქტურის გათვალისწინებით, რისკზე დაფუძნებულ შენატანებზე გადასვლა შეამცირებს დეპოზიტების დაზღვევის ფონდის შემოსავლებს რეგულარული სადაზღვევო შენატანის სახით, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს მიზნობრივი ფონდის მიღწევის ვადის გადავადებას.

„აღსანიშნავია, რომ ახლად შექმნილი სისტემებისთვის მიზნობრივი ფონდის მიღწევა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სისტემა იყოს ფუნქციონირებადი და შეძლოს მისი ძირითადი მანდატის შესრულება, რაც გულისხმობს სადაზღვევო შემთხვევის დროს დეპოზიტორების შეუფერხებელ ანაზღაურებას. ასევე, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი როლი, როგორც ფინანსური უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის“, – აღნიშნულია კანონპროექტში.