კობა გვენეტაძე - ფინანსური განათლების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია არა მარტო მომხმარებლისთვის, არამედ ფინანსური სექტორისთვისაც, რომელსაც გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ექნება შეხება
კობა გვენეტაძე - ფინანსური განათლების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია არა მარტო მომხმარებლისთვის, არამედ ფინანსური სექტორისთვისაც, რომელსაც გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ექნება შეხება

საქართველოში დაზღვევის დღე ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით აღინიშნება. დაზღვევის დღის დაწესების იდეა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მსჯელობისას გაჩნდა და მიზნად ისახავს დაზღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

დაზღვევის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დაზღვევის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისა და ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს უკეთ ესმით ფინანსური საკითხებისა და პროდუქტების არსი; აქვთ ცოდნა, უნარი და, რაც მთავარია, რწმენა, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მიიღონ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება; იციან, თუ ვის მიმართონ დახმარების მისაღებად და იღებენ ეფექტიან გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობა. ამდენად, ფინანსური განათლების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია არა მარტო მომხმარებლისთვის, არამედ ფინანსური სექტორისთვისაც, რომელსაც გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ექნება შეხება. საბოლოო ჯამში კი, თუ ამ ყოველივეს უფრო მასშტაბურად შევხედავთ, ქვეყნისთვისაც სასიკეთო ცვლილების მომტანი იქნება, ვინაიდან სწორედ ამგვარ პროცესში ყალიბდება თანამედროვე და ჯანსაღი ეკონომიკური გარემო,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სადაზღვევო კომპანიების ასოციაციისა და 18 სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაზღვევის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალზე www.finedu.gov.ge, ასევე, შესაბამის სოციალურ ქსელებში 2 მაისიდან დაზღვევის კვირეული დაიწყება და მომხმარებლებს დაზღვევასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებითი მასალა მიეწოდება.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.