საქსტატი - 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 571,4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 38,2 პროცენტი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის
საქსტატი - 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 571,4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 38,2 პროცენტი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 1958 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5507,1 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი (76,0 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 9,7 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,3 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1889,6 მილიონი ლარი ნაღდი ფულის სახით. 2019 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2017,9 მილიონი ლარი შეადგინა. 2019 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37,6 ათას კაცს, რომელთაგან 60,6 პროცენტი ქალი იყო. 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ 571,4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 38,2 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,8 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 9,1 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 7,7 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 1,6 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28,6 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ამასთან, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი 522,0 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომლის 48,6 პროცენტი ქონების დაზღვევაზე მოდის, 36,3 პროცენტი – სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, 2,8 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 2,3 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0,1 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (9,9 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.