საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას შეუდგა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
„ძალიან მოხარული და აღელვებული ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებით. წელს მისია საქართველოში ყოფნის მე-15 წელს აღნიშნავს. თუმცა, ჩვენი დამკვირვებლები ისევე მოწადინებული არიან, როგორც პირველ დღეს, მისიის მიზნის მიღწევის მხრივ, რომელიც მდგომარეობს საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაში. ჩემთვის პატივია ასეთი მოწადინებული გუნდის ხელმძღვანელობა და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ხშირად რთულ ვითარებაში“, – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ბერძენი დიპლომატი 2023 წლის 31 იანვარს ევროკავშირის საბჭომ დანიშნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დანიშვნამდე დიმიტრიოს კარაბალისი იყო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხების დირექტორი. კარაბალისი საქართველოში პირველ თანამდებობას საბერძნეთის ელჩის რანგში 2017 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა.