საქართველოში ბოლო 10 დღეში წითელაზე 38 000 მოქალაქე აიცრა
საქართველოში ბოლო 10 დღეში წითელაზე 38 000 მოქალაქე აიცრა

ბოლო 10 დღის განმავლობაში წითელას 38 000 დამატებითი აცრა გაკეთდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ბოლო დინამიკა თუ შენარჩუნდება, საქართველო წითელას დამარცხებას შეძლებს.

„სერიოზული დაინტერესებაა მოქალაქეების მხრიდან. გუშინ 5000 დამატებითი აცრა გაკეთდა ქვეყანაში ანუ მოსახლეობამ გაითავისა, რომ წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში და მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით. ამიტომ ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ჯგუფში აცრების პრომოციასთან დაკავშირებით და კარგია, რომ მოსახლეობიდან გამოხმაურება მაღალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინის მარაგებს, ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მარაგები ქვეყანაში არის, მოთხოვნის ტენდენცია მზარდია, რისი გათვალისწინებითაც დამატებით მარაგებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ გვქონდა სერიოზული მარაგი. 150 000 დოზა გვქონდა ვაქცინის იანვრის დასაწყისში, მაგრამ ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ მის შემდგომ შევსებებზე. როგორც გითხარით, 10 დღის განმავლობაში გვქონდა დაახლოებით 38 000 აცრა. მარაგი არის ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ მარაგის შევსებაზე. ამ ინტენსივობით თუ წავიდა აცრები, რაც ძალიან კარგი იქნება, ჩვენ საბოლოო ჯამში დავამარცხებთ წითელას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.