საქართველოში ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის კონცერტები მიმდინარეობს
„საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“(MISA) ახალი პროექტის „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ახალგაზრდული ორკესტრის“ ფარგლებში საპრეზენტაციო კონცერტებს მართავს.
ორკესტრის 46 წევრი ორგანიზაციამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გასული წლის ბოლოს, მოსმენების საფუძველზე შეარჩია. საქართველოში პირველი ახალგაზრდული ორკესტრის წევრების ასაკი 15-დან 28-წლამდე განისაზღვრა.
MISA-ს ახალგაზრდულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იანვრის თვეში ორი საპრეზენტაციო კონცერტი უკვე გამართა, პირველი კონცერტი 20 იანვარს ქალაქ რუსთავში გამართა, 22 იანვარს კი ქუთაისში.
შემაჯამებელი კონცერტი 24 იანვარს ბათუმში, 27 იანვარს კი თბილისში – ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში გაიმართება.
ინოვაციური პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდული ორკესტრი ამ ეტაპზე წელიწადში ორჯერ ზაფხულისა და ზამთრის ღონისძიებებზე შეიკრიბება. ღონისძიებებში მონაწილეობას ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, MISA-ს საზაფხულო აკადემიის სოლისტებიც იღებენ.
„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ პროექტი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. MISA-ს მიზანია გაზარდოს კლასიკური მუსიკის ცნობადობა, მისცეს ცოდნა სტუდენტებს და დაეხმაროს მათ პროფესიულ წინსვლაში.
„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ – MISA დაარსდა 2015 წლის მაისში და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას.