ლევან დავითაშვილი - განვითარების სხვა ეტაპზე გადავდივართ, გეგმაშია, პოპულარული შემსრულებლები და ჯგუფები მოვიწვიოთ, ეს მოიზიდავს არა მარტო ადგილობრივ ტურისტს, არამედ ვიზიტორებს მსოფლიოდან
ლევან დავითაშვილი - განვითარების სხვა ეტაპზე გადავდივართ, გეგმაშია, პოპულარული შემსრულებლები და ჯგუფები მოვიწვიოთ, ეს მოიზიდავს არა მარტო ადგილობრივ ტურისტს, არამედ ვიზიტორებს მსოფლიოდან

განვითარების სხვა ეტაპზე გადავდივართ. გეგმაშია, პოპულარული შემსრულებლები და ჯგუფები მოვიწვიოთ. ეს მოიზიდავს არა მარტო ადგილობრივ ტურისტს, არამედ ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონსერვატიული შეფასებით, კონცერტებს დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომიკური ეფექტი ექნება.

„ქვეყანა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით ვითარდება. განვითარების სხვა ეტაპზე გადავდივართ, შესაბამისად, მოთხოვნილებებიც იზრდება. გეგმაშია, რომ Black Sea Arena-ს პოტენციალი სრულად გამოყენებული იყოს და მაქსიმალურად წარმატებული, პოპულარული შემსრულებლები და ჯგუფები მოვიწვიოთ. ეს მოიზიდავს არა მარტო ადგილობრივ ტურისტს, არამედ ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან. მხოლოდ მიმდინარე წელს, კონსერვატიული შეფასებებით, მას ექნება დაახლოებით ასი მილიონი ლარის ეფექტი ეკონომიკაზე. იქნება სერიოზული სტიმული ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგან შემსრულებლების მოსასმენად ჩამოვლენ ვიზიტორები არაერთი ქვეყნიდან. ეს არ არის მოკლევადიანი, მხოლოდ წელს დაგეგმილი ღონისძიებები. თუ გვინდა, რომ ძალიან მაღალი ხარისხის და ცნობილი შემსრულებლები ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში, ეს უნდა ვაკეთოთ რეგულარულად. Starring Georgia-ს იდეა სწორედ ეს არის, რომ ჩვენ წელს ვიწყებთ მაღალი დონის შემსრულებლებით და მომავალ წლებში კიდევ უფრო პოპულარულ შემსრულებლებს ჩამოვიყვანთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არის ჯგუფი Imagine Dragons-ი.