თბილისში დღეს მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის კონცერტების სერია MISA გაიხსნება
თბილისში დღეს მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის კონცერტების სერია MISA გაიხსნება

MISA 2018-ის გახსნის ღონისძიება თბილისში,დარბაზ STEINWEI & SONS-ში გაიმართება. კონცერტზე აკადემიის ახალგაზრდა და წარმატებული სოლისტები: ილია ლომთათიძე, საბა მიქელაძე, დავით წივწივაძე, ნინო ტყეშელაშვილი, ლუკა თოთაძე და სანდრო შუბითიძე დაუკრავენ.

„საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“, 2018 წლის ზაფხულის სეზონს, მასშტაბური ერთთვიანი პროგრამით წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში გაიმართება MISA-ს (Musik International Summer Academy) ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის კონცერტები მთელი საქართველოს მასშტაბით და (MISA) ზაფხულის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ღონისძიებები ბათუმში, რომელიც მოწვეული ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მასტერკლასებსა და ვორკშოპებს მოიცავს.

MISA(Musik International Summer Academy)-სიმფონიური ორკესტრი კონცერტებს გამართავს : თბილისში, ქუთაისში,თელავში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში.

ორკესტრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული მოსმენების შედეგად დაკომპლექტდა . ორკესტრის წევრების ასაკობრივი ზღვარი 14-დან 28-წლამდეა.

MISA-ს ახალგაზრდულმა სიმფონიურმა ორკესტრმა პირველი კონცერტები თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში იანვარში გამართა.

ზაფხულის საერთაშორისო აკადემიის 2018 წლის სეზონს, აკადემიის კონკურსი დაასრულებს, რომელიც ტრადიციულად ბათუმში ჩატარდება.კონკურსში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უცხოეთიდან ჩამოსული მუსიკოსები მონაწილეობენ.

აკადემიის მოწვევით ბათუმს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმატებული მუსიკოსები ეწვევიან.
ჩატარდება მასტერკლასები და ვორკშოპები.

მასტერკლასებს ჩაატარებენ: თამაზ ბათიაშვილი (ვიოლინო), ნანა იაშვილი (ვიოლინო), შორენა ცინცაბაძე (ფორტეპიანო), მ.ამარა (კამერული ანსამბლი); ჟ.პ შმიდტი (სადირიჟორო მასტერკლასი) ჟ. ოვიედო (საქსაფონის მასტერკლასი); ი.ბარდანაშვილი (კომპოზიციის მასტერკლასი).

MISA-ს სამხატვრო ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის, შორენა ცინცაბაძის განცხადებით, „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ პროექტი, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. MISA-ს მიზანია გაზარდოს კლასიკური მუსიკის ცნობადობა, დაეხმაროს ახალგაზრდებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციასა და პროფესიულ განვითარებაში.

MISA-ს აკადემიის სოლისტები „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ ხელშეწყობით წარმატებით თანამშრომლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ ფესტივალებთან და კონკურსებთან.
„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“  MISA დაარსდა 2015 წლის მაისში და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ცნობილი მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას.

დატოვე კომენტარი