ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება
ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება

თბილისის მერიის ორგანიზებით, იწყება პროექტი „თბილისი კლასიკ ოფენ ეარი“ (Tbilisi Classic Open Air), რომლის ფარგლებში, კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში ჩატარდება.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის პირველი კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა. სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო).

ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები.

20:00 საათზე კი, კონცერტის მეორე განყოფილება დაიწყება, რომელიც პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა, რომელიც პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს სოლისტ მევიოლინე კამილავონსიკ-იანიკთან ერთად. პოლონელი მუსიკოსები მსმენელს მონიუშკოს, გურეცკის, კილარისა და ვენიავსკის ნაწარმოებებს შესთავაზებენ.

კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.

ღონისძიების პარტნიორები არიან: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

დატოვე კომენტარი