საქართველოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობამ წელს 500 შემთხვევას გადააჭარბა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, აივ ინფიცირებულთა 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 468 შემთხვევა გამოვლინდა.
ცენტრის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 მამაკაცია, 1838 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39-წლამდეა. შიდსი 3 797 პაციენტს განუვითარდა, გარდაიცვალა 1 477 ადამიანი. აივ მკურნალობას იტარებს 4 436 პაციენტი, მათ შორის 48 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.4% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.0% დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0% მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4% დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% სისხლის რეციპიენტია; 0.7 % გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2662 შემთხვევა, მათგან 89 უცხოეთის მოქალაქეა, ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 924 (აქედან ზუგდიდი – 608); შემდეგ იმერეთში 906 (ქუთაისი 437); აჭარაში 818 (ბათუმი – 515); აფხაზეთში (461); კახეთში (350) ქვემო ქართლში (378); შიდა ქართლში (272); გურიაში (155); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (102) და ასე შემდეგ.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალურია და უფასო.