საქართველოში სტუდენტების 24%-ს ( 48 624 პირს) სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიაწოდეს.
მათი ცნობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების 33,5%-ს (16 294 სტუდენტი) სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეწყვეტილი. ამასთან, 65%-ის შემთხვევაში (31 761) სტატუსის შეჩერების მიზეზი უცნობია. რაც შეეხება დანარჩენ სტატუსშეჩერებულებს, ამ გადაწყვეტილების მიზეზებია: ავადმყოფობა (135 სტუდენტი), ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის მოვლა (223), საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა (211 პირი).
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, გასული წლის აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სტატუსი შეჩერებული ჰქონდა 43 661 სტუდენტს, რაც სტუდენტთა საერთო რაოდენობის 23%-ს შეადგენდა.
პირველმა არხმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ასევე გამოითხოვა ინფორმაცია რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტთა რა ნაწილს აქვს შეჩერებული სტატუსი. ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სტატუსშეჩერებული სტუდენტი 7 933 (სტუდენტთა 30%).
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – სტატუსშეჩერებული 10 384 (31%).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სტატუსშეჩერებულია 7 588 სტუდენტი (სტუდენტთა 34%),
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისი – 4 421 სტატუსშეჩერებული სტუდენტი (სტუდენტთა 37%)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სტატუსშეჩერებული 1 593 სტუდენტი (სტუდენტთა 21%)
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 172 სტატუსშეჩერებული სტუდენტი (სტუდენტთა 24%).
სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 317 სტატუსშეჩერებული სტუდენტი (სტუდენტთა 19%).