განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი - შავი ზღვის უნივერსიტეტის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 715 433 ლარია
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი - შავი ზღვის უნივერსიტეტის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 715 433 ლარია

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე 715 433 ლარს შეადგენს.

„ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა, სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს. უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, რაც 715 433 ლარს შეადგენს (ასევე, დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონება) და რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა.

იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით შეეზღუდა.

უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაბამისად, შეძლებენ ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებას“, – აცხადებენ უწყებაში.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ფინანსური დავალიანებების გამო შეეზღუდა.

IBSU-ში აცხადებენ, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.