GIPA-ს რექტორი - ჩვენი სურვილია, დიალოგი გადავიდეს კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში
GIPA-ს რექტორი - ჩვენი სურვილია, დიალოგი გადავიდეს კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში

დღევანდელი პროცესების ინიცირება მოხდა GIPA-ს მხრიდან იმ მიზნით, რომ თემა განვითარდეს და მოიცვას მთელი საგანმანათლებლო სივრცე. ჩვენი სურვილია, რომ დიალოგი გადავიდეს კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში, – ამის შესახებ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) რექტორის, მაკა იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი.

GIPA-ს რექტორის თქმით, ევროპული სტანდარტის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესს GIPA სრულად უჭერს მხარს.

GIPA-ში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც საზოგადოების განხილვის მორიგ თემად იქცა გასული დღეების განმავლობაში, გახლავთ ღია დიალოგი GIPA-სა და განათლების იმ უწყებებს შორის, რომლებიც ხარისხის უზრუნველყოფასა და განვითარებას ემსახურებიან. შესაბამისად, ეს პროცესი გახლავთ დროული და მიზანშეწონილი.

ევროპული სტანდარტის აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესი არის ის მიმართულება, რომელსაც GIPA სრულად უჭერს მხარს და მეტიც, GIPA თავისი არსებობის განმავლობაში ამ სტანდარტის დამკვიდრებას და განვითარებას უწყობს ხელს. 90-იანი წლების დასაწყისში GIPA გახლდათ ის ინსტიტუცია, რომელმაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველმა შემოიტანა დასავლური სწავლების ხარისხი და ღირებულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მაკა იოსელიანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ არაკორექტული და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„დღევანდელი პროცესების ინიცირება მოხდა GIPA-ს მხრიდან იმ მიზნით, რომ თემა განვითარდეს და მოიცვას მთელი საგანმანათლებლო სივრცე. ჩვენი სურვილია, რომ დიალოგი გადავიდეს კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში, რისთვისაც მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს არაკორექტული და ხშირ შემთხვევაში, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან. სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ზიანი მიაყენონ არა მარტო GIPA-ს, არამედ დიალოგის პროცესს.

ბატონ, დიმიტრი შაშკინს კი მისი განცხადების საპასუხოდ, მინდა შევახსენო, რომ მისი და მისი თანაგუნდელების მმართველობის დრო GIPA-სთვის შევიწროების და შეზღუდვის პერიოდთან ასოცირდება. სწორედ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად გადადგა 2006 წელს უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი გიორგი მარგველაშვილი. რაც შეეხება პრეზიდენტის GIPA-ში დაბრუნებას, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და გამომდინარე ჩემი პირადი კომუნიკაციიდან გარანტირებულად შემიძლია განვაცხადო, რომ ბატონი გიორგი უნივერსიტეტში დაბრუნებას არ გეგმავს.

ყველა სუბიექტი, ვინც ამ პროცესში ვმონაწილეობთ პირდაპირ თუ ირიბად, პირველ რიგში ვართ პასუხისმგებლები სტუდენტებისა და მათი ინტერესების წინაშე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესის აუცილებლობას და მიგვაჩნია, რომ უკეთესი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული და სამართლიანი შეფასების სისტემის არსებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტუდენტთა ინტერესების დაცვაზე“, – ნათქვამია GIPA-ს რექტორის განცხადებაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ (GIPA) ერთი საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა, დღეს განმარტება ცენტრის დირექტორმა, თამარ სანიკიძემ გააკეთა.