თამარ სანიკიძე - GIPA-ს საბაკალავრო პროგრამაზე უარი ხარისხმა, შინაარსმა და საგნების ჩამონათვალმა განაპირობა
თამარ სანიკიძე - GIPA-ს საბაკალავრო პროგრამაზე უარი ხარისხმა, შინაარსმა და საგნების ჩამონათვალმა განაპირობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიზეზები განმარტეს.

ცენტრის დირექტორის, თამარ სანიკიძის განცხადებით, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა“ (GIPA) წარმოდგენილი ოთხი საბაკალავრო პროგრამიდან აკრედიტაციაზე უარი მხოლოდ ერთ – საჯარო მმართველობის მიმართულების პროგრამაზე მიიღო, რაც პროგრამის შინაარსს უკავშირდებოდა, თუმცა, გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია შესაბამისი პროცედურებით.

„უარის თქმის საფუძველი არის თვითონ პროგრამის ხარისხში, შინაარსში, საგნების ჩამონათვალში და ა.შ. ეს განმარტებულია. დასკვნა იქნება საჯარო და ყველას შეუძლია ჩაიხედოს. ეს იყო ახალი პროგრამა. თავისთავად, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ეს ხარვეზები ყოფილიყო. სტუდენტები ამ პროგრამაზე არ ირიცხებიან. შესაბამისად, ჩვენ გადავხედეთ, მაგალითად სტატისტიკას და დინამიკას. ახალი საბჭოს ფარგლებში GIPA-ს ოთხი პროგრამა ჰქონდა წარმოდგენილი. მათგან სამმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. ეს ერთი ახალი პროგრამა ჯერჯერობით დარჩა აკრედიტაციის გარეშე. თუმცა, არსებობს სააპელაციო პროცედურები, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც ფუნქციონირებს და სიახლეა, რომ დაწესებულებებს ჰქონდეთ საშუალება, ისარგებლონ ამ პროცედურებით. GIPA-მ უკვე მიმართა სააპელაციო საბჭოს ამ მოთხოვნით და ჩვენც ველოდებით გადაწყვეტილებას. ახალი საბჭოს წლევანდელი სტატისტიკა, მთლიანი სურათი რომ დავინახოთ, ასეთია – 38 პროგრამა იყო განხილული. აქედან 19-მა მიიღო სრული შესაბამისობით აკრედიტაცია, შვიდმა გარკვეული პირობით, ხოლო 12 იყო უარი“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.