თსუ - რექტორის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს გეგმას, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსს აღუდგენს
თსუ - რექტორის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს გეგმას, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსს აღუდგენს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხებს განიხილავს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება. როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგენს სტატუსს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 15 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ინიციატივით, სამინისტროსა და საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შედეგად 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება გაუნულდებათ.

თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხებს განიხილავს.

უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა უკვე განსაზღვრა ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.

მიმდინარე სემესტრში თსუ-ში ფინანსური დავალიანების მქონე 3 327 სტუდენტია. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ ჭრილში, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგენს სტატუსს, რაც მათ საშუალებას მისცემს, განაახლონ რეგისტრაციის პროცედურები და სრულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში“, – აღნიშნულია თსუ-ს ინფორმაციაში.