"საქართველოსა და მოლდოვას შორის წარმატებული თანამშრომლობა მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება"
"საქართველოსა და მოლდოვას შორის წარმატებული თანამშრომლობა მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება"

წლების განმავლობაში, საქართველოსა და მოლდოვას შორის მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ეს პარტნიორობა მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთა პაველ ფილიპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, წელს საქართველო-მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და ეს საიუბილეო წელი გამორჩეული იყო ორმხრივი ურთიერთობების განსაკუთრებული აქტიურობით, რაც მაღალი დონის ვიზიტების თუ საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში გამართული შეხვედრების ინტენსივობაშიც გამოიხატა.

“მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ აღნიშნული პოზიტიური დინამიკა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები. მსურს, ხაზი გავუსვა საქართველო-მოლდოვას შორის ნაყოფიერ დარგობრივ თანამშრომლობას. ჩვენი ქვეყნების შესაბამისი უწყებები წარმატებით თანამშრომლობენ იუსტიციის, სამართალდამცავ, საბაჟო, განათლების,ტურიზმის სფეროებში. დღევანდელ შეხვედრაზე დავადასტურეთ მზადყოფნა, განვაგრძოთ გამოცდილების გაზიარება საერთო ინტერესების მქონე სფეროებში. ამავე დროს, მიზნად ვისახავთ ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების მნიშვნელოვან გაღრმავებას და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ კუთხით, ჩვენ მივესალმეთ ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის შედეგებს, რომელსაც წელს, აპრილში, საქართველო-მოლდოვის ბიზნესფორუმთან ერთად, ვუმასპინძლეთ თბილისში. დარწმუნებული ვართ, რომ კომისიის მუშაობა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ასევე შევთანხმდით, რომ მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შემდეგი შეხვედრა და შესაძლოა, ეს დაემთხვეს კიდევაც სუამ-ის შემდეგ სამიტს, რომელიც კიშინიოვში, სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიმართება.მივესალმებით დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ჩვენი დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სასარგებლო წინაპირობას წარმოადგენს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში მოლდოველი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, გასული 10 თვის განმავლობაში 20%-იანი ზრდაა, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებას.

“მსურს, მივესალმო, კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამის გაფორმებას, რომელიც წაახალისებს ჩვენი ქვეყნების კულტურული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას. გარდა ამისა, შევთანხმდით, ორგანიზება გავუწიოთ საქართველოს დღეების გამართვას მოლდოვის რესპუბლიკაში და ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მოლდოველი კოლეგები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოში, რათა იყოს უფრო მეტი გაცვლა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში. დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, საქართველომ და მოლდოვამ მონაწილეობა მიიღო„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მომავალზე და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია მიიღეს.

“სამიტზე ჩვენ დავსახეთ 2020 წლისათვის მისაღწევი კონკრეტული მიზნები, რომლებიც, ევროკავშირთან დაახლოების შედეგად, ჩვენი ქვეყნებისთვის შექმნის განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს და ჩვენს მოქალაქეებს მისცემს კონკრეტულ სარგებელს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.