„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეული შაბათს, 22:00 საათზე გამოვლინდება
შაბათს, 22:00 საათზე პირველი არხის ეთერში ნახავთ „საქართველოს ვარსკვლავის“ მესამე, დასკვნით სერიას და მეორე ტურს, სადაც გამოვლინდება კონკურსანტების ფინალური ათეული.
როგორ ხდება „საქართველოს ვარსკვლავის“ საბოლოო ათეულის გამოვლენა, შეგიძლიათ გაეცნოთ წესებს:
მუსიკალური პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ – Pop Idol – ის ანალოგია, რომლის ლიცენზიას Frementle Media-სგან „ნოვა ფროდაქშენსი“, ექსკლუზიურად ოფიციალურად ფლობს. 2019 წლის იანვრიდან პროექტი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის.
შესარჩევი ეტაპის ყოველი ეპიზოდი განსაზღვრულია საერთაშორისო პროექტის ოფიციალურად დადგენილი ფორმატის მიხედვით.
პროექტის ფორმატის მიხედვით, კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეების მოსმენისას, ჟიური აფიქსირებს დადებით ან უარყოფით შეფასებას. დადებითი შეფასება გამოიხატება „ოქროს ბილეთით“. პირველ ეტაპზე, ჟიურის არ აქვს შეზღუდვა – მას შეუძლია გასცეს იმდენი „ოქროს ბილეთი“, რამდენი კონკურსანტიც მოეწონება.
წესების შესაბამისად, „საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგის პირველ ეტაპზე ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო 48 კონკურსანტმა.
კასტინგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჟიურის მიერ ხდება „ოქროს ბილეთის“ მფლობელი კონკურსანტების კიდევ ერთხელ შეფასება, რომელიც ეთერში გადის ე.წ. „განხილვის“ სახით.
ფორმატით გათვალისწინებული ოფიციალური წესების მიხედვით და მონაწილეების მუსიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჟიური არჩევს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს.
შესაბამისად, „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიმ 48 ოქროს ბილეთის მფლობელს შორის 22 კონკურსანტი შეარჩია, რომელთაც კასტინგის მეორე ეტაპზე მოუსმინა და მათგან „საქართველოს ვარსკვლავის“ საბოლოო, ფინალური ათეული შეადგინა.
„საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგის მეორე ეტაპი ეთერში გავა შაბათს, 22:00 საათზე, პირველ არხზე.