„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია
„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია

საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს მუსიკალური მეგაპროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ ნახევარფინალი გაიმართა.

კონცერტის ბოლოს გაირკვა „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტების ვინაობა, რომლებიც 31 დეკემბერს გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები არიან თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე. ისინი კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის იბრძოლებენ.

ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა დღეს დავით რუსაძემ დააგროვა და პროექტს გამოეთიშა.

კონკურსის ჟიურის წევრები არიან თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი; დავით ალადაშვილი – პიანისტი; ნათია თოდუა – მომღერალი.

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამოსავლენად ხმის მიცემის წესი შემდეგია: მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტ კონკურსანტს – ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, დაურეკეთ კუთვნილ ნომერზე, მაქსიმუმ ოც-ოცჯერ, თითო ზარის ღირებულება 80 თეთრია.

ასევე, ხმის მისაცემად „ფეისბუქზე“ უნდა მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური გვერდი, შეხვიდეთ შეტყობინებაში და მონაწილეთა გრაფაში ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს.

„ფეისბუქზე“ ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველდღე, ექვს საათში ერთხელ. „ფეისბუქზე“ ხმის მიცემა უფასოა. თითოეულ ხმას ერთი და იგივე ძალა აქვს.

მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ამერიკული American Idol-ის და ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია.

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ქვეყანას 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

საქართველოს ვარსკვლავი