„საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის მუსიკალური მეგაშოუს „​საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო.

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამოსავლენად ხმის მიცემის წესი შემდეგია: მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტ კონკურსანტს – ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, დაურეკეთ კუთვნილ ნომერზე, მაქსიმუმ ოც-ოცჯერ, ერთი ზარის ღირებულება 80 თეთრი.

ასევე, ხმის მისაცემად „ფეისბუქზე“ უნდა მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური გვერდი, შეხვიდეთ შეტყობინებაში და მონაწილეთა გრაფაში ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს.

„ფეისბუქზე“ ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველდღე, ექვს საათში ერთხელ. „ფეისბუქზე“ ხმის მიცემა უფასოა. თითოეულ ხმას ერთი და იგივე ძალა აქვს. სეზონის პირველი პირდაპირი ეთერი და ჟიურის შერჩეული ათეულის პირველი ლაივკონცერტი 16 ნოემბერს, 22:00 საათზე დაიწყება.

კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: მერაბ ამზოევი, მარიამ გოგიბერიძე, ანრი გუჩმანიძე, თამარ კაკალაშვილი, ნიკა კალანდაძე, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე, მარიამ შენგელია, ლიზა შენგელია და თორნიკე ყიფიანი. კონკურსის ჟიურის წევრები არიან თინათინ ბერძენიშვილი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედია-მართვის კომიტეტის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროდიუსერი; დავით ალადაშვილი – პიანისტი; ნათია თოდუა – მომღერალი.

მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ამერიკული American Idol-ის, ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია.

„​საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული საქართველოს 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.