საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი - ვფიქრობ, ევროპულ სასამართლოს ძალიან გაუჭირდება რუსეთის არგუმენტების სერიოზულად მიღება
მიჭირს რუსული მხარის განცხადებების სერიოზულად მიღება. ჩემი აზრით, სასამართლოსაც ძალიან გაუჭირდება ამ არგუმენტების სერიოზულად მიღება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხარეს სხვა პასუხი არ აქვს გარდა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მტკიცებულებებს გაყალბებული უწოდოს.
„სიურპრიზი არ იყო, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობდა, ეთქვა, რომ დანაშაულის ადგილი და რუსეთის კრიმინალური ომის დანაშაულის მტკიცებულებები გაყალბებულია. ეს იმიტომ, რომ მათ სხვა პასუხი არ აქვთ. ეს იყო სასოწარკვეთილი გუნდის, სასოწარკვეთილი ადვოკატის ბოლო მცდელობა. ისინი მხოლოდ ცდილობდნენ, გაეკიცხათ სხვები და ფაქტების ფაბრიკაციაზე ესაუბრათ, მაგალითად, ეთქვათ, რომ ამერიკელებმა დააშინეს Human Rights Watch-ი, CIA-მ მოიპარა „ისკანდერის“ ნაწილები რუსეთის ტერიტორიიდან და მერე დააწყო შემთხვევის ადგილზე. მიჭირს ამის სერიოზულად მიღება. ჩემი აზრით, სასამართლოსაც ძალიან გაუჭირდება ამ არგუმენტების სერიოზულად მიღება“, – განაცხადა ბენ ემერსონმა.
ამასთან, როგორც დღეს სტრასბურგში, სასამართლო სხდომაზე ბენ ემერსონმა აღნიშნა, რუსეთი ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერი“ არ გამოუყენებია და დანაშაული ფაბრიკაციაა. მისი თქმით, აღნიშნული ვერსია ყველასათვის რთული დასაჯერებელია. ამასთან, როგორც ადვოკატმა სხდომაზე განაცხადა, რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს.
სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.