რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარი სოფლები თავად დაბომბა
რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარი სოფლები თავად დაბომბა

რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატის, მაიკ სვენსონის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საფრთხის წინაშე დგას, რომ „საქართველოს მიერ გავრცელებული პროპაგანდა“ მტკიცებულებად არ ჩაითვალოს. მაიკ სვენსონის მტკიცებით, 2008 წელს სწორედ საქართველომ განახორციელა შეტევა ცხინვალზე, შემდეგ კი რუსეთისკენ გაიშვირა ხელი.

„ნათელი ფაქტია, რომ საქართველომ განახორციელა შეტევა ცხინვალზე – ქალაქზე, რომლის მოსახლეობასაც ეძინა. ის ასევე დაესხა თავს რუს მშვიდობისმყოფელებსა და რუსეთის მოქალაქეებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უპასუხა ამ შეტევას, რისი უფლებაც ჰქონდა, საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა უპრეცედენტო პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ყურადღება საქართველოს აგრესიიდან რუსეთზე გადაეტნა. მათ რუსეთი დაუნდობელ დამპყრობლად გამოაცხადეს. ახლა ამ სასამართლოზე საქართველო ამავე პროპაგანდის მტკიცებულებად გასაღებას ცდილობს“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატმა.

თავის სიტყვაში რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ მოყვანილი არგუმენტები ყალბია. მისივე თქმით, ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცხინვალზე თავდასხმა რუსეთის ინტერვენციაზე პასუხი იყო, რაც, სვენსონის მტკიცებით, ტყუილია.

„საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ცხინვალზე თავდასხმა რუსეთის ინტერვენციაზე პასუხი იყო. ამ შემთხვევაში, საქართველო ეყრდნობოდა როკის გვირაბთან დისლოცირებული მესაზღვრეების სატელეფონო ჩანაწერებს. თუმცა, ეს აზრს მოკლებული ტყუილია. ამის დასაბუთება იოლია, რადგან საქართველომ ინტერვენციის არგუმენტი ცხინვალზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში მოიყვანა. ჩვენ გვაქვს კითხვები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ წარმომადგენელთან, ბატონ უტიაშვილთან – რატომ დასჭირდა ამდენი დრო ამ ჩანაწერების წარმოდგენას? მან ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ ჩანაწერები უბრალოდ დაიკარგა. სინამდვილეში ყველასთვის ნათელია, თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი“, – განაცხადა სვენსონმა.

მისივე თქმით, 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო გამოსვლაში ოსებს სამშვიდობო გზავნილით მიმართა, რამდენიმე საათში კი ცხინვალზე თავდასხმის ბრძანება გასცა. რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატის მტკიცებით, სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარი სოფლებიც თავად დაბომბა.

„სიმართლე კი ის არის, რომ საქართველო თავად დაესხა თავს საკუთარ სოფლებს კასეტური რაკეტებით, რომლებიც საქართველომ ისრაელისგან შეიძინა. „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ მას შემდეგ აღიარა, რომ ის შეცდომაში შეიყვანა 10-მა ცრუ მოწმემ, რომლებთანაც ინტერვიუ ცალკე ჩაწერეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს კუთვნილი კასეტური ბომბების შედეგად მიყენებული ზარალი რუსულმა თვითმფრინავებმა გამოიწვია, რომლებმაც მათი სოფლები დაბომბეს. საქართველოს მოსწონს მოწმეების წარმოჩენა, თუმცა ამ მოწმეების ხარისხი აჩვენა „ჰიუმან რაითს ვოჩმა“. აშკარაა, რომ ეს ცრუ მოწმეები წარადგინა საქართველომ და ეს იყო საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი. საქართველომ დაბომბა საკუთარი სოფლები კასეტური ჭურვებით, ეს ეჭვგარეშეა. ერთადერთი კითხვა მდგომარეობს იმაში, ეს იყო შემთხვევითი თუ მიზანმიმართული ქმედება“, – განაცხადა მაიკ სვენსონმა​.