ადვოკატი ბენ ემერსონი - 2008 წლის ომის საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი დამნაშავეა ეთნიკური წმენდის ფართომასშტაბიან კამპანიაში
ადვოკატი ბენ ემერსონი - 2008 წლის ომის საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი დამნაშავეა ეთნიკური წმენდის ფართომასშტაბიან კამპანიაში

2008 წლის ომის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი დამნაშავეა სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდის ფართომასშტაბიან კამპანიაში, რომელიც მოიცავდა დიდი რაოდენობით ეთნიკური ქართველი მოქალაქეების თვითნებურ მკვლელობებს, მათი სახლების ძარცვას, დაწვას და განადგურებას, – ამის შესახებ 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლომ ასევე დაადგინა სამხედრო ტყვეთა ფართომასშტაბიანი წამების პრაქტიკა.

„დილით გამოტანილი გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი დამნაშავეა სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდის ფართომასშტაბიან კამპანიაში, რომელიც მოიცავდა დიდი რაოდენობით ეთნიკური ქართველი მოქალაქეების თვითნებურ მკვლელობებს, მათი სახლების ძარცვასა და დაწვას და განადგურებას, ეთნიკური ქართველების უკანონო და თვითნებურ დაკავებას საპატიმრო დაწესებულებებში, სადაც ისინი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას განიცდიდნენ, მაგალითად მათ აიძულებდნენ მიცვალებულების ტრანსპორტირებას და მასობრივ სამარხში დაკრძალვას, რაც საკონცენტრაციო ბანაკებში არსებულ პრაქტიკას მოგვაგონებს. სასამართლომ ასევე დაადგინა სამხედრო ტყვეთა ფართომასშტაბიანი წამების პრაქტიკა და ალბათ ღირს ამის შესახებ ერთი-ორი სიტყვის თქმა. მტკიცებულებებით ჩანს, რომ 30-ზე მეტი სამხედრო ტყვე მკაცრად აწამეს მას შემდეგ, რაც ისინი მტრის ძალებმა შეიპყრეს. ორი მათგანი სიკვდილით დასაჯეს, ერთი კი ცემით მოკლეს, ცემის გარდა, არსებული მტკიცებულებით, ერთ პატიმარს ყური ჰქონდა მოკვეთილი, რამდენიმეს იმიტირებული „სიკვილით დასჯა“ მოუწყვეს, რამდენიმე პატიმარი აწამეს ცეცხლით, რამაც სერიოზული დამწვრობა გამოიწვია, ზოგს თითები ჰქონდათ განზრახ მოტეხილი, ერთ-ერთს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ფეხში ხიშტით, ხოლო ერთს კბილები ამოუღეს ბრტყელტუჩათი, ერთს რეზინის თასმებით ახრჩობდნენ, ერთი კი ელექტროენერგიის გამოყენებით აწამეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ კონფლიქტის შემდეგ რუსეთი პასუხისმგებელი იყო ეთნიკური ქართველების გაძევებაში აღნიშნული ტერიტორიიდან და მათი დაბრუნების აღკვეთაში, რითაც ოსეთის ეთნიკური შემადგენლობა ფაქტობრივად შეიცვალა, ასე რომ რუსეთის ოკუპაციის შედეგად, 20,000 ეთნიკური ქართველი გამოიდევნა და დღესაც დევნილი რჩება.

„ამ სასამართლო დასკვნის და გადაწყვეტილების გამოტანის პრეცედენტი ძნელია ვიფიქროთ, რომ დამთხვევაა. განაჩენი სასამართლომ მიიღო გასული წლის ივლისში, მაგრამ სასამართლომ აშკარად შეაჩერა განაჩენის გამოტანა გარკვეული დროით და გამოაქვეყნა იგი პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღეს, რომელმაც ნათლად განაცხადა, რომ იგი აპირებს ძლიერი პოზიციის დაკავებას რუსეთის აგრესიისა და უკანონო ჩარევის წინააღმდეგ. ასევე უნდა ითქვას რომ ეს გადაწყვეტილება ემთხვევა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიღებას, ყირიმის რუსეთის ოკუპაციის შესახებ, და ეს საქმეები აჩვენებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებების საბოლოოდ მიღებით, ევროპული სასამართლო ამკაცრებს თავის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ“, – განაცხადა ადვოკატმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.