„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა დასრულდა
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა დასრულდა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი სტრასბურგიდან იუწყება.

სასამართლოს სხდომა თბილისის დროით 11:00 საათზე საქართველოს პოზიციის წარდგენით დაიწყო.

საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველი სხდომაზე ერთ საათზე მეტ ხანს გამოდიოდა. ადვოკატმა ბენ ემერსონმა საუბარი იმით დაიწყო, რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის აგრესიულ ოკუპაციას.

შესავალ სიტყვაში ადვოკატმა ეთნიკურ წმენდასა და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალისხმევა არ დაიშურა ქართველების საკუთარი ტერიტორიიდან გაძევებისთვის.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსეთის სახელით ჯერ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ გალპერინი წარსდგა, შემდეგ კი ადვოკატმა ისაუბრა. მათ ჯამში დაახლოებით 100-ჯერ ახსენეს სიტყვები – ფალსიფიკაცია და გაყალბება. რუსეთის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაღვევის თემიდან, აქცენტი იმაზე გადაეტანათ, ვინ დაიწყო ომი.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით). საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).