საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გადართვის სამუშაოებს ახორციელებს
„ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბში დაგეგმილი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც პერიოდულად 10-12 წელიწადში ერთხელ ტარდება, საქართველოს უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გადართვის სამუშაოებს განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა „ენგურჰესმა“ 20 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო, სამი თვით სრულად შეწყვიტა მუშაობა. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის მიერ შემუშავდა სპეციალური სქემა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ენერგოსისტემის განმხოლოებას აფხაზეთის ქსელის ელექტრომომარაგებისგან.
საქართველოს ენერგოსისტემა უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნული სქემის მიხედვით განაგრძობს მუშაობას. ხოლო აფხაზეთის ენერგომომარაგება განხორციელდება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან.