Reuters-ი - ჰიბრიდული მანქანების ელექტროსისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, Toyota ბაზრიდან ერთ მილიონზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს
Reuters-ი - ჰიბრიდული მანქანების ელექტროსისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, Toyota ბაზრიდან ერთ მილიონზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს

ჰიბრიდული მანქანების ელექტროსისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, Toyota ერთ მილიონზე მეტი ავტომობილის ბაზრიდან უკან გაწვევას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ავტომობილების მწარმოებელ იაპონურ კორპორაციას პრობლემის მქონე ავტომობილების უკან გაწვევის მოთხოვნით ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრომ მიმართა. მიზეზი ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი იყო, როდესაც სადენებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, Toyota-ის ერთ-ერთი ჰიბრიდული ავტომობილის სადენებზე მოკლე ჩართვა მოხდა და ცეცხლის გაჩენის მაღალი რისკი შეიქმნა.

ამის შემდეგ, ავტოკონცერნმა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და სხვა რეგიონებში არსებული ავტომობილების უკან გაწვევა გადაწყვიტა.

ჰიბრიდული ავტომობილების შავ სიაში მოხვდა „პრიუსის“ მოდელიც.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, ჰიბრიდულ ძრავასთან დამაკავშირებელ სადენებზე მოკლე ჩართვის საშიშროება არსებობს, რაც აალებას გამოიწვევს.

აღნიშნული პრობლემა 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე წარმოებულ ავტომობილებს აქვთ. მათ შორის არიან Toyota Prius, Plug-in Hybrid და Toyota C-HR.