ნათია თურნავამ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მიულოცა
ნათია თურნავამ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მიულოცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტრადიციულად, ახალი წელი სრულიად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ახალი წლის დადგომა და ვუსურვო კეთილდღეობა, წარატება, ჯანმრთელობა და კოვიდპანდემიის დასრულება. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წელი იქნება განვითარების, ახალი წარმატებებისა და დაჩქარებული რეფორმების წელიწადი “, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიან ცვლაში მომუშავე დისპეტჩერები ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.

„ეს არის ის ცენტრალური ადგილი, საიდანაც ხელისგულზე ჩანს და მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება ჩვენი ენერგეტიკული სექტორი. მოხმარება მაღალია, მაგრამ ჩვენი ენერგეტიკა უმკლავდება ამას. ყველაფერი წესრიგშია ჩვენი დისპეტჩერების მუშაობის შედეგად, რომლებიც ახალი წლის ღამეს აქ მუშაობენ. ვულოცავ მათ და ყველას, ვინც ახალი წლის ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, ახალ 2022 წელს და ჯანმრთელობას, წარმატებულ წელს ვუსურვებ “, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა გასულ წელს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ წარმატებებს. მისი თქმით, იყო ბევრი გამოწვევა, თუმცა იყო წარმატებებიც.

„წარმატებაა ის, რომ 500 მგვტ-ზე მეტი 40-მდე ახალი ელექტროსადგურის პროექტი შეთანხმდა და ხელმოწერა შედგა ინვესტორებთან. ენგურჰესზე ჩავატარეთ ისტორიული მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგადც 10 %-ით მოიმატა ენგურჰესის გამომუშავებამ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სწრაფად ვავითარებთ ენერგეტიკული სექტორის რეფორმას. ახლა მთავარი საზრუნავი გვაქვს, ხელი შევუწყოთ მეტ მწვანე ენერგეტიკას საქართველოში, გვქონდეს მეტი ადგილობრივი ელექტროენერგია, მეტი მწვანე ენერგია და მეტი ახალი სადგური აშენდეს საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომუშავე დისპეტჩერებს ნათია თურნავასთან ერთად, ახალი წლის დადგომა მიულოცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა უჩა უჩანეიშვილმა.

დატოვე კომენტარი