საქართველოს საჰაერო სივრცეში „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „737-9 მაქსის“ ფრენები შეჩერდა
საქართველოს საჰაერო სივრცეში „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „737-9 მაქსის“ ფრენები შეჩერდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
„მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „737-9 მაქსის“ ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან.
სააგენტო თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. „ბოინგ 737 მაქსის“ ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
აქვე, ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში „ბოინგ 737 მაქსის“ ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას.