პოლონეთის საბაჟო სამსახურმა სატვირთო მანქანაში „ბოინგის“ თვითმფრინავისთვის განკუთვნილი საბურავები აღმოაჩინა, რომელთა ტრანსპორტირება ბელარუსისა და რუსეთის გავლით უნდა მომხდარიყო
პოლონეთის საბაჟო სამსახურმა სატვირთო მანქანაში „ბოინგის“ თვითმფრინავისთვის განკუთვნილი საბურავები აღმოაჩინა, რომელთა ტრანსპორტირება ბელარუსისა და რუსეთის გავლით უნდა მომხდარიყო

პოლონეთის საბაჟო სამსახურმა სატვირთო მანქანაში „ბოინგის“ თვითმფრინავისთვის განკუთვნილი საბურავები აღმოაჩინა, რომელთა ტრანსპორტირებაც ბელარუსისა და რუსეთის გავლით უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნული ტვირთი ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების გამო დაუწესა.

პოლონეთის შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ „ბოინგის“ სამოქალაქო თვითმფრინავების საბურავები დეკლარირებული იყო, როგორც ავტომობილისა და ავტობუსის საბურავები.

მებაჟეებმა ტვირთი აღმოაჩინეს ბელარუსის საზღვართან გამშვებ პუნქტზე შემოწმების დროს. ტვირთის გამგზავნი ესპანეთში რეგისტრირებული კომპანიაა, ხოლო მიმღები – აზერბაიჯანში. სანქცირებული ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან მალევე, კომპანია „ბოინგმა“ განაცხადა, რომ აჩერებს რუსეთის თვითმფრინავებისთვის ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ მკაცრად იცავენ საექსპორტო კონტროლსა და შეზღუდვებს. რუსეთის საავიაციო ინდუსტრია მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უცხოური წარმოების თვითმფრინავებსა და ნაწილებზე.