საქართველოს საგარეო უწყებაში ვარაუდობენ, რომ ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ
საქართველოს საგარეო უწყებაში ვარაუდობენ, რომ ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს, 22 წლის დავით რაზმაძეს მიმდინარე კვირაში ჩამოასვენებენ. საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე, თუმცა ეს თანხმობა უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გამოიცემა.

„გადმოსვენების პროცედურები ამის შემდეგ დაიწყება, რისთვისაც მომზადებულნი ვართ. ნებართვა გაცემულია და ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში ეს პროცესი დასრულდება“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

მან ასევე ახსნა, რატომ გაჭიანურდა 43 დღის წინ გარდაცვლილი მეზღვაურის სამშობლოში გადმოსვენება.

„უპირველესად, გამოძიების გამო. მით უმეტეს, როდესაც ადამიანის გარდაცვალებას ეხება საკითხი, მოითხოვს გარკვეული ვადებისა და თანმიმდევრობის დაცვას. ამის გამო, ლიბიის სამართალდამცავმა უწყებებმა საჭიროდ ჩათვალეს, ცხედრის ხანგრძლივი ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. ფაქტი მოხდა ლიბიის ტერიტორიაზე, შესაბამისად გამოძიებაც და ექსპერტიზაც არის ლიბიელი სამართალდამცველების პრეროგატივა.

იცით, რომ ლიბიაში არის ძალიან მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური პრობლემა, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ნებისმიერ პროცესზე, მათ შორის, გამოძიებაზეც. იცით, რომ სახელმწიფო უწყებები იქ შეფერხებით მუშაობენ. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას და დოკუმენტებს, ეს ჩვენთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამ დასკვნის საფუძველზე ხვალ უნდა გამოიცეს პროკურატურის შესაბამისი აქტი და ჩვენ ყურადღებით გავეცნობით მას, გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან გადმოსვენების შემდეგაც იქნება ჩასატარებელი სამუშაოები, რათა დადგინდეს, რა იყო ჩვენი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი“, – აღნიშნა კონსტანტინიდმა.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილი ნავმისადგომთან იპოვეს.