საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები მასშტაბური დემონსტრაციით აღნიშნავენ. მსვლელობა ვარდების მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის გასულ ოთხ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად, ქვეყანაში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი.
პროფკავშირები ხელისუფლებისგან მოითხოვენ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებას კანონმდებლობის სრულყოფას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შეახსენებენ შრომის უსაფრთხოების არსებულ პრობლემებს და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს. აქციაზე მიიღებენ საპირველმაისო მანიფესტს.
„ჩამოსულები არიან როგორც რეგიონებიდან, ისე დედაქალაქიდან დასაქმებულები. ვითხოვთ საუკეთესო შრომის პირობებს, შრომის კოდექსს და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მონური შრომა. შექმნილი უნდა იყოს ისეთი ქმედითი შრომის ინსპექცია, როგორიც ეკადრება საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს. 473 ადამიანია გარდაცვლილი 2006 წლიდან დღემდე. ეს არის სავალალო მდგომარეობა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჰქვია საქართველო და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღეს საქართველოში“, – განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ.
დასაქმებულთა საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.