ირაკლი პეტრიაშვილი - კომპანია „ბორჯომის“ ადმინისტრაციამ ვერ გააცნობიერა, რომ დასაქმებულებს უფლება აქვთ, კანონით მინიჭებული ნორმები გამოიყენონ
ირაკლი პეტრიაშვილი - კომპანია „ბორჯომის“ ადმინისტრაციამ ვერ გააცნობიერა, რომ დასაქმებულებს უფლება აქვთ, კანონით მინიჭებული ნორმები გამოიყენონ

კომპანია „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს საქართველოს სხვადასხვა პროფკავშირის წევრები შეუერთდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულებს.

საპროტესტო აქციაზე იმყოფება პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც.

„ეს არის სხვადასხვა საწარმოში დასაქმებული პროფკავშირების წევრების სოლიდარობა მათი კანონიერი პროტესტის მიმართ. ესაა პასუხი ჭიათურიდან, ზესტაფონიდან, ბათუმიდან, რკინიგზიდან, მეტროდან. ესაა პასუხი მედიკოსების, პედაგოგების. დასაქმებულის მიმართ მათმა დამოკიდებულებამ, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, შექმნა ეს პრობლემა – შესვენების, დასვენების თუ ხელფასების არ მატების, დიალოგის იგნორირების. 21 საუკუნეში კოლექტიური ხელშეკრულების დადების მოთხოვნით, დასაქმებული გამოდის გარეთ. რესურსი არის დიალოგი. შრომითი კონფლიქტები ამ ქვეყანას არ სჭირდება. სტაბილურობის გასაღები არის დამსაქმებლის ხელში. „ბორჯომის“ ადმინისტრაციამ ვერ გააცნობიერა, რომ ამ ადამიანებს აქვს უფლება, კანონით მინიჭებული ნორმები და სტანდარტები გამოიყენონ. ესენი არ არიან მონები, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.