კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ სახელფასო დავალიანებების გასტუმრებამდე, კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ
კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ სახელფასო დავალიანებების გასტუმრებამდე, კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ

დედოფლისწყაროში ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილ თანამშრომლებს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მათი კუთვნილი დავალიანებებისა და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ასევე საზოგადოების სწორი და მიუკერძოებელი ინფორმირების საკითხს. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომლები პერმანენტულ აქციების გამართვას გეგმავენ.

ნავთობმომპოვებელი კომპანიის თანამშრომლებმა ამერიკელი კონგრესმენების წერილების შინაარსიც გააპროტესტეს, სადაც კომპანიის საქმიანობის ხელშეშლაზეა საუბარი. როგორც ისინი აცხადებენ, ეს დეზინფორმაციაა და ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება.

„საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ კომპანიებს ხელს კი არ უშლის საქმიანობაში, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ეხმარება. ამაზე მეტყველებს ის, რომ კომპანია საქართველოში 1997 წლიდან შეუფერხებლად საქმიანობს“, – ამბობენ კომპანიის ყოფილი თანამშრომლები.

მათივე თქმით, სახელფასო დავალიანებების გასტუმრებამდე, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანია „ფრონტერას“  84 თანამშრომლის მიმართ 11-თვიანი დავალიანება, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.

 

დატოვე კომენტარი