საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა
საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა

საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.

კომიტეტის სხდომაზე  განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კომიტეტის სხდომაზე მინისტრი უნდა მისულიყო.

მათივე განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ მიხეილ ბატიაშვილს ეკისრება.

სხდომას ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ განათლების მინისტრი გაურბის პასუხისმგებლობას, რაც მისი მხრიდან არის ლაჩრობა.

ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა: “ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დეტალურად გავეცნოთ ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის საქმიანობას, 100-ზე მეტ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებს, შედეგებს, გამოვლენილ ხარვეზებს და ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებზე. ჩვენ რეალურად შევაფასოთ, მოხდა თუ არა განსხვავებული მიდგომა და იყო თუ არა ზუგდიდის მეექვსე სკოლა გამონაკლისის შემთხვევა, მიმდინარე, განსაკუთრებით სენსიტიური პოლიტიკური პროცესების ფონზე. ვფიქრობთ, რომ სრული სურათის განხილვა მოგვცემს შესაბამისი ანალიზისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას. დღეს არ ვართ პოლიტიკური მოტივებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრაგედიას არ ვიყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის. ეს იქნებოდა პირველ რიგში ქალბატონი იას, მისი ოჯახისა და კოლეგების შეურაცხყოფა. ჩვენი ინტერესია, გაირკვეს ყველა დეტალი ჩატარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის სხდომას ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა საკითხზე სრულყოფილი პასუხის მიღებისთვის აუცილებელია, რომ საკითხის განხილვას მინისტრი ბატიაშვილიც ესწრებოდეს.

საბოლოოდ საკითხის განხილვა გადაიდო.