საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, უკრაინის ჰიმნის ფონზე რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტში სხდომა უკრაინის ჰიმნით გაიხსნა. დეპუტატებმა, უკრაინის ჰიმნის ფონზე, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, უკვე რამდენიმე დღეა, საკუთარი თვალით ვხედავთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.
„ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს ბრძოლა უცხო არ არის და კარგად ვიცით, რას გრძნობენ ამ მძიმე დღეებში ჩვენი უკრაინელი დები და ძმები. ბრძოლას, მით უმეტეს, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის მოჰყვება მსხვერპლი, მათ შორის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც ყველაზე დიდი საშინელებაა, ომის დროსაც კი. ამიტომ, სხდომის დაწყებამდე გთხოვთ, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.