საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად ეწვია.
თბილისის აეროპორტიდან ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მისი პირისპირ შეხვედრა გაიმართება. მოგვიანებით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგება.
12:30 საათზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე, ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
დღესვე სომხეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების აუდიენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება.
დღის ბოლოს სომხეთის პრემიერი თბილისის საკრებულოში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.
ღონისძიების შემდგომ, ნიკოლ ფაშინიანს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ვახშამზე საქრთველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.
ორდღიანი ვიზიტის ბოლოს, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება და ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან სომხეთში ავტომანქანით დაბრუნდება.