გიორგი მარგველაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-სომხეთის ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის შემდგომ კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის სასიხარულოა ახლადარჩეულ, დემოკრატ ლიდერთან შეხვედრა, რაც საქართველო-სომხეთის ორმხრივ ურთიერთობას ახალ ელფერს შესძენს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ წელს საქართველო და სომხეთი სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ და სომხეთის პრეზიდენტის მონაწილეობას თბილისში ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებებში ქართველი ხალხისთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველებისა და სომხების სურვილი სიყვარულისკენ სწრაფვაა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა.